მაცხოვრის შობის თარიღის შესახებ

სახარებისეული ისტორია იწყება ლუკა მახარებლის მიერ იმ მოვლენათა თხრობით, რომელიც წინ უსწრებდა და ახლდა იოანე ნათლისმცემელისა და უფალ იესო ქრისტეს შობას. მაგრამ სამწუხაროდ მახარებელი არ აზუსტებს კონკრეტულად რომელ წელს მოხდა ეს მოვლენები და შემოიფარგლება მხოლოდ მოკლე მითითებით რომ ეს იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა (ლუკა 1,5) როდესაც გამოიცა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება მთელი მოსახელობის აღწერისა (ლუკა 2, 1)

 მაცხოვრის შობის წლის განსაზღვრა
 ძველი მამები და ეკლესიის მასწავლებლები რომლებიც მაცხოვრის შობის თარიღს ეხებიან (იუსტინე მარტვილი, ტერტულიანე) საუბრობენ ზოგადად გაურკვევლად. VI ს-ში მცხოვრები რომაელი ბერი დიონისე მაცხოვრის შობის წლად მიიჩნევს 754 წელს რომის დაარსებიდან. ეს წელი ქრისტიანებში მიჩნეულია ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისად. გვიანდელმა კვლევებმა დაამტკიცეს რომ დიონისე შეცდა. იოსებ ფლავიუსის ცნობით, რომელიც ასევე თვითმხილველი იყო იერუსალიმის დანგრევისა, ჰეროდე დიდი, რომლის მეფობის დროსაც იშვა მაცხოვარი, მეფედ დანიშნული იყო სენატის ბრძანებით რომის დაარსებიდან 714 წელს და 37 წლის შემდეგ გარდაიცვალა პასექამდე 8 დღით ადრე, მთვარის დაბნელების შემდეგ ძალიან მალე. [იუდაური სიძველეები 17]. რადგან ჰეროდეს მეფობის 37-ე წელი შეესაბამება 750 წელს, ასტრონომიული გამოთვლებით მთვარის დაბნელება კი მოხდა 13 დან 14 მარტის ღამეს, ხოლო იუდაური პასექი იმ წელიწადს უწევდა 12 აპრილს, ესეიგი უნდა ვთქვათ რომ ჰეროდე მეფე მოკვდა 750 წლის აპრილის დასაწყისში, მაშასადამე, იესო ქრისტე დაიბადა 750 წელზე უფრო ადრე. უფრო მეტი სიზუსტით მაცხოვრის შობის წლის განსაზღვრაში გვეხმარება შემდეგი მონაცემები:
 ა) ლუკა მახარებელი მოწმობს, რომ იოანეს მიერ მაცხოვრის ნათლისღება მოხდა ტიბერიუს კეისრის მმართველობის მე-15 წელს და რომ იმ დროს იესო იყო 30 წლის (ლუკა 3: 1,23), მაგრამ რადგანაც ავგუსტუსმა ტიბერიუსი სიკვდილამდე ორი წლით ადრე ანუ 765 წლის იანვარში თავის თანამმართველად დანიშნა, შესაბამისად ტიბერიუს კეისრის მმართველობის მე-15 წელი დაიწყო 779 წლის იანვარში, იესო ქრისტე კი ამ დროს იყო 30 წლის. აქედან გამომდინარე უნდა ვთქვათ რომ იესო ქრისტეს შობა უნდა მომხდარიყო არაუადრეს 748 წ - და არაუგვიანეს 749 წლისა.
 ბ) ყველა მახარებელი მოწმობს, რომ ქრისტე ჯვარს აცვეს პარასკევს, იუდაური პასექის დღეს. ხოლო რამდენადაც ასტრონომიული გამოთვლებით 783 წელი იყო ერთადერთი იმ დროს, როდესაც ებრაული პასექი (რომელიც ყოველთვის იდღესასწაულებოდა გაზაფხულის პირველი მთვარიანი თვის, ნისანის, 14 რიცხვის საღამოდან) უნდა მოწევნულიყო პარასკევს, 7 აპრილს. ამიტომ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო ქრისტე ჯვარს აცვეს რომის დაარსებიდან 783 წლის 7 აპრილს. თუ მაცხოვარი ამ დროს იყო 34 წლის, მაშინ ის უნდა დაბადებულიყო 748 წელს, ხოლო თუ ის ამ დროს 33 წლის იქნებოდა (ანუ 34-ე წელში), მაშინ ის უნდა დაბადებულიყო რომის დაარსებიდან 749 წელს. ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი მაცხოვრის შობის წლად 748 წელს, ხოლო სხვები კი - 749 წელს მიიჩნევს. ამრიგად დიონისეული წელთაღიცხვის ცდომილება გახლავთ  5 - 6 წლი.
მაცხოვრის შობის დროს პალესტინა შეადგენდა რომის იმპერიის ნაწილს, და მას  რომის იმპერატორის მიერ დანიშნული იდუმეელი ჰეროდე მართავდა, რომელსაც იუდეის მეფედ მოიხსენიებენ.  ამრიგად სამეფო სკიპტრამ იუდას შტოდან უცხოტომელის ხელში გადაინაცვლა. და შესაბამისად იაკობ მამამთავარის წიანსწარმეტყველების თანახმად დადგა დრო მესიის მოსვლისა (დაბ. 49:1,10)[1], დადგა კიდევ იმიტომ რომ დანიელ წინასწარმეტყველის გამოცხადებაში უწყებული შვიდეულები  [2] დასასრულს უახლოვდებოდა.  ყველაფერი მოწმობდა ებრაელთათვის აღთქმული მესიის გამოჩენის შესახებ და ისინიც ელოდებოდნენ რომ მესია მოვიდოდა და იხსნიდა მათ საძულველი რომაელების უღელისაგან.
ასე რომ, ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებით ნაწინასწარმეტყველები იყო არამარტო ზოგადად დრო მესიის მოსვლისა, არამედ თვით წელიც კი მისი საქადაგებლად გამოსვლისა, ხანგრძლივობა მისი საზოგადო მსახურებისა და დრო მისი სიკვდილისა. 
ახლა კი ვნახოთ ზოგიერთი წინასწარმეტყველება რომელიც ეხება იესო ქრისტეს ცხოვრებას:
ესაია წინასწარმეტყველი  მესიის ქალწულისაგან შობის შესახებ გვიცხადებს: „ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს, აჰა, ქალწული მუცლად-იღებს და შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“ (ესაია 7:14)
წინასწარმეტყველი მიქეა მიგვითითებს ადგილს სადაც უნდა იშვას მესია: „შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან„ (მიქეა 5:1)
იგივე ესაია წინასწარმეტყველი განჭვრეტს რა იესოს საქადაგებლად გამოსვლას, წარმოთქვამს: „უთხარით სიონის ასულს, აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წინაა მისი გასამრჯელო!“ (ესაია 62:11)
ის ასევე გვიცხადებს სასწაულების შესახებ, რომლებსაც მოახდენს მაცხოვარი: „ის მოვა და გიხსნით თქვენ. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:4-6)
წინასწარმეტყველი ზაქარია გვაუწყებს იერუსალიმში მესიის დიდებით შესვლის შესახებ: „იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო, აჰა, შენი მეუფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე“ (ზაქარია 9:9)
მაცხოვრის დიდებით შესვლა, სიონის ასულების ეს სიხარული აშფოთებს მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს. ისინი თათბირობენ როგორ დაღუპონ იესო. მაგრამ ის რაც მათ უნდა თქვან თათბირის დროს, უკვე დიდი ხნით ადრე არის ჩაწერილი „სიბრძნე სოლომონისაში“: „საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტვირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს. აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს. ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის, რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი. მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს როგორც უწმინდურობას. ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს: ჩემი მამააო ღმერთი. ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას. თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელიდან. გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ.  სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ“ (სიბრძნე სოლომონისა 2: 12-20)
ფსალმუნთმგალობელი დავითი განჭვრეტს, რომ იესოს გამცემელი მისი ახლობელი ადამიანი იქნება: „ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ“ (ფს. 40:10)
წინასწარმეტყველი ზაქარია წინასწარმეტყველებს, რომ იუდა გაყიდის თავის მასწავლებელს 30 ვერცხლად, შემდეგ ამ ვერცხლს ტაძარში დააბნევს და რომ ამ ვერცხლით ნაყიდი იქნება მეკეცის მიწა: „და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში“ (ზაქარია 11:12, 13)
ესაია ხედავს ტანჯვას, რომელსაც მესია განიცდის: „ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის. არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან“ (ესაია 50:6);   „ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე, კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე“ (ესაია 53:7)
დავითის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, როგორი სიკვდილით მოკვდება ქრისტე, როგორ გაიყოფენ მის შესამოსელს, როგორ დაიტანჯება ჯვარზე წყურვილით და როგორ შეასმევენ მას ძმარს: „ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად. მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით. ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე“ (ფს. 21:17-19); „დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა. ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და ვერ ვპოვე. და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი“ (ფს. 68:21-22)
ესაია წინასწარმეტყველი საუბრობს ქრისტეს დაკრძალვის ადგილზეც კი: „მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში“ (ესაია 53:9)
მოსე მიიყვანს რა ებრაელებს აღთქმულ მიწამდე, გარდაცვალების წინ აფიცებს მათ, რომ უსმინონ უფალი ღმერთის ხმას,  დაიცვან მისი მცნებები და აღუთქვა მათ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე: თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას: - თქვა მოსემ: - „და არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა. წყეული იქნები ქალაქად და წყეული იქნები ველად“ (ΙΙ რჯ. 28:15-16); ჩამოთვლის რა მაშინ ყველა წყევლას და უბედურებას რომელიც შეემთხვევათ ებრაელებს თუ ისინი არ მოუსმენენ უფალი ღმერთის ხმას, მოსე სხვათაშორის ამბობს: „გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე...., მაგრამ ვერ იგრძნობ შვებას ვერც იმ ხალხში.... და შიში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო“ (ΙΙ რჯ. 28:64-65)


[1] მესიის მოსვლის დროის შესახებ გვაქვს ორი მითითება: იაკობის წიანსწარმეტყველებასა და დანიელის გამოცხადებაში.  ეგვიპტეში მომაკვდავმა იაკობმა სიკვდილის წინ მოუხმო შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. თავისი შვილებისა და მათი შთამომავლების მომავლის წინასწარმეტყველებისას იაკობმა თავისი ძის, იუდას, შესახებ თქვა: არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა (დაბ. 49: 1,10). ეს წინასწარმეტყველება ყოველთვის შემდეგი აზრით იყო გაგებული რომ მესია გამოჩნდებოდა მაშინ, როდესაც შეწყდებოდა მეფობა იუდას შტოდან გამოსული მეფეებისა. და რამდენადაც ჰეროდე იყო პირველი არაებრაელი მეფე (იგი იდუმეელი იყო), ამიტომ მესიის მოსვლას ელოდა მთელი იუდეა იმ დროიდან  მოყოლებული რაც ჰეროდე გამეფდა. და მართლაც სწორედ მისი მეფობის დროს იშვა იესო ქრისტე.
[2] დანიელის გამოცხადებაშიც  იყო მითითება იმ დროზე როდესაც ქრისტე უნდა გამოჩენილიყო. დანიელის წიგნის მე-9 თავში ნათქვამია რომ დანიელს ლოცვის დროს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, შეეხო მას და უთხრა: დანიელ! ახლა გამოვედი რომ ჭკუა დაგარიგო. შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მე მოვედი, რომ შეგატყობინო იგი, რადგან შენ სათნო კაცი ხარ. დაუკვირდი ამ სიტყვას და გამოიცანი ხილვა: შენი ერისთვის და შენი წმინდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმინდათა წმინდის საცხებად. ოღონდ იცოდე და შეიგნე, მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული  გავა ცხებული მეფის მოსვლამდე, აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს, სამოცდაორი შვიდეულის  შემდეგ მოიკვეთება ცხებული, მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება. ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი. იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს. (დან. 9:22-27).  შვიდეული (ებრ. שָׁבוּעַ - შაბუა)  არის სწორედ დროის შვიდეული (კვირის დღეები ან წლები), ანუ დრო რომელიც შედგება შვიდი ტოლი ნაწილისგან მიუხედავად იმისა რამდენად დიდია ეს ნაწილი. რამდენადაც შვიდდღიან პერიოდს ძველაღთქმისეულ რელიგიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ შვიდეულში, ერთი შეხედვით, უნდა მოგვეაზრებინა სწორედ კვირის შვიდეულის დღეები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია შაბუას  ჰქონდეს ეს მნიშვნელობა, რადგან მომდევნო თავში დანიელ წინასწარმეტყველი საუბრობს რა შვიდეულზე როგორც კვირის დღეებზე, უწოდებს მათ არა უბრალოდ შვიდეულს არამედ შვიდეულის დღეებს: იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის მანძილზე დანაღვლიანებული ვიყავი (დან. 10,2) და ამას თითქოს შეგნებულად აკეთებს რათა განასხვავოს ეს შვიდეულები წინა თავებში ნახსენებ შვიდეულებისაგან. ასევე არ შეიძლება რომ შვიდეულებში მოვიაზროთ თვეები, რამდენადაც დაახლოებით ორმოცდაერთწლიანი პერიოდი რომელიც 490 თვეს უდრის ძალიან მოკლე დროა იმ მოვლენებისათვის რაც უკანასკნელ სტრიქონებშია ნაუწყები, კერძოდ, ქალაქის მშენებლობა, შემდეგ კი ამ ქალაქის და მასთან ერთად ტაძრის დანგრევა და ა.შ.  ამრიგად რჩება შვიდეულის, როგორც შვიდწელიწადის, ერთადერთი გაგება. ძველი ქრისტიანი განმმარტებლები და ებრაელი სწავლულები, დანიელის შვიდეულებში ყოველთვის  წელიწადის შვიდეულებს მოიაზრებენ.  სამოცდაათი შვიდეულის პერიოდის დასაწყისი მითითებულია დანიელის გამოცხადების 25-ე მუხლში, კერძოდ, ეს არის ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად.  წმინდა წერილიდან ცნობილია, რომ დანიელს გამოცხადება შვიდეულთა შესახებ  ჰქონდა ებრაელთა ბაბილონის ტყვეობაში ყოფნის დროს, და რომ ბაბილონის დაცემისა და მისი სპარსეთთან შეერთების შემდეგ ებრაელებისადმი დადებითად განწყობილი მეფეების მიერ რამდენიმე ბრძანება იქნა გამოცემული. პირველი ბრძანება კიროსის მიერ იქნა გამოცემულ, რომელიც ებრაელებს ტაძრის აშენების უფლებას აძლევდა, მაგრამ იქ არაფერია ნათქვამი დანგრეული იერუსალიმის მშენებლობის შესახებ (2 პეტრე 36, 23;   1 ეზრა 1:2-4, 6:3-5).  მეორე ბრძანებაც, რომელიც დარიოს გისტასპის მიერ იქნა გამოცემული, არ შეიცავს არანაირ მინიშნებას ქალაქის მშენებლობის ნებართვაზე, და იმეორებს კიროსის ბრძანებას მხოლოდ ტაძრის მშენებლობის შესახებ (1ეზრა 6:6-7).  მესამე ბრძანება გაცემულ იყო მღვდელ ეზრასადმი არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელს. მართალია არტაქსერქსეს ამ ბრძანებაშიც არ არის ქალაქის აშენების პირდაპირი ნებართვა, მაგრამ ამ ბრძანების საფუძველზე ეზრას მის ხელთ არსებული ფულით ყველაფრის უფლება ეძლეოდა რასაც კი მოისურვებდა: „და როგორც უკეთესად მიიჩნევთ შენ და შენი თვისტომნი, თქვენი ღმერთის ნებით, ისე მოიხმარეთ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი“ (1 ეზრა 9: 9).  ცხადია, ეს ნებართვა ეზრას შეეძლო ფართოდ გაეგო და გამოეყენებინა კიდეც ქალაქის ასაშენებლად რამდენადაც ის ამის საჭიროებას ხედავდა. და ის რომ  ნამდვილად შეუდგა ამ ბრძანების საფუძველზე იერუსალიმის აღდგენას, ამას ნეემიაც მოწმობს. სხვა რაიმე  ნებართვა, დავალება ან განკარგულება იერუსალიმის აღსადგენად არ ყოფილა.
აქედან გამომდინარე შვიდეულის პერიოდის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელი, როდესაც გაცემულ იქნა ნებართვა იერუსალიმის აღდგენისა. მაგრამ რომელ წელს ავიდა ტახტზე არტაქსერქსე? მისი მეფობის დასაწყისის განსაზღვრაში გვეხმარება ძვ.წ.აღ II ს -ის ბერძენი გეოგრაფისა და ასტრონომის, კლავდიუს პტოლემეოსის „მეფეთა კანონი“. ამ კანონში მოცემულია ასურელი, მიდიელი, სპარსელი, ბერძენი და რომაელი მეფეების ცხრილები, დაწყებული ნაბონასარიდან. (ნაბონასარი (აქად. ნაბუ ნაცირი) - ბაბილონის მეფე, სწორედ მისი მმართველობის პირველი წლიდან დაიწყო ქრონოლოგიური ათვლა პტოლემეოსმა. ცხრილებში ყოველი მეფის სახელთან მითითებულია  მმართველობის რიცხვი, წლები  და მათი ჯამი  პირველიდან უკანასკნელ წლამდე. ყველა ქრონოლოგი თანხმდება რომ ნაბონასარის მეფობის პირველი წელი იწყება  ქრ. შ. მდე 747 წლის 26 თებერვალს დიონისეული გამოთვლის მიხედვით. ასევე ცნობილია, რომ ეგვიპტურ წელიწადს რომელსაც  პტოლემეოსის ქრონოლოგია დაედო საფუძვლად, გააჩნია 365 დღე.  ამ ცოდნის საფუძველზე ძალიან ადვილია არტაქსერქსეს მეფობის დროის განსაზღვრა. „მეფეთა კანონში“ აღნიშნულია, რომ არტაქსერქსე ტახტზე ავიდა 283 წელს და მეფობდა 41 წელი. რომ გადავიყვანოთ ეს წლები ჩვენს ანუ დიონისეულ წელთაღრიცხაზე, აღმოჩნდება რომ იგი ტახტზე ასულა ქრ. შ. მდე  464 წლის 18 დეკემბერს და მისი მეფობის მე-7 წელი გაგრძელებულა 458 წლის ბოლომდე. იმის გათვალისწინებით რომ დიონისე ქრისტეს შობის წლად მიიჩნევდა 754 წელს რომის დაარსებიდან, უნდა ვაღიაროთ რომ არტაქსერქსეს მეფობის მე-7 წელი ანუ დანიელის შვიდეულის დასაწყისი ყოფილა 296 (754-458=296) წელი რომის დაარსებიდან.
დასასრული პირველი სამოცდაცხრა შვიდეულისა ნათლად არის მითითებული დანიელის წინასწარმეტყველებაში: ქრისტეს გამოჩენამდე უნდა გასულიყო სამოცდაცხრა შვიდეული ანუ 483 წელი დაწყებული 296 წლიდან (რომის დაარსებიდან). 296 + 483 წლების შეკრებით ვიგებთ, რომ სამოცდაცხრა შვიდეულის დასასრული და აქედან გამომდინარე ქრისტეს გამოჩენა უნდა ყოფილიყო რომის დაარსებიდან 779 წელს.
ლუკა მახარებელი ადასტურებს რომ იოანე ნათლისმცემლის საქადაგებლად გამოსვლა და მის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მოხდა ტიბერიუს კეისრის მმართველობის მე-15 წელს (ლკ. 3:1) ანუ რომის დაარსებიდან 779 წელს. ისეიგი იესო ქრისტეს გამოჩენა (განცხადება) მოხდა იმ წელს როგორც ეს დანიელს ჰქონდა ანგელოზისგან უწყებული.
თუ იესო ქრისტეს გამოჩენა კაცობრიობის წინაშე საზოგადო მსახურებისათვის არის დასასრული პირველი სამოცდაცხრა შვიდეულისა, მაშინ იგივე მოვლენა არის დასაწყისი უკანასკნელ შვიდეულთა. დანიელის გამოცხადების 27-ე მუხლში ნათქვამია: იგი მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას, აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს.  ებრაელმა ერმა ვერ იცნო თავისი მესია, მოკლა იგი ჯვარზე გაკვრით და ამის გამო იქნა თავად უარყოფილი ღვთისაგან. ქრისტეს სიკვდილის მომენტიდან ძველაღთქმისეული ღვთისმსახურება, მსხვერპლმა და შესაწირავმა დაკარგა  თავისი შინაგანი, სულიერი მნიშვნელობა. გამოცხადების მიხედვით ქრისტე უნდა მომკვდარიყო უკანასკნელი შვიდეულის ნახევარში ანუ მისი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლიდან დაახლოებით სამწელიწადნახევრის შემდეგ. მახარებელთა უწყებით ვიცით, რომ იესო ქრისტემ საზოგადო მსახურების განმავლობაში პასექი სამჯერ იდღესასწაულა, ხოლო მეოთხე პასექის წინ  ჯვარს ეცვა. ეს კი გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს რომ იესო ქრისტეს საზოგადო მსახურება გაგრძელდა სამწელიწადნახევარი ანუ შვიდეულის ნახევარი როგორც ნათქვამი იყო დანიელის წიგნში.


Борис Ильич Гладков. "Толкование Евангелия"  
თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ 

No comments:

Post a Comment