ფარისევლებისა და სადუკევლების სექტა



რადგან  მოსეს წინასწარმეტყველების აღსრულება დამოკიდებული იყო მცნებების ზედმიწევნით და მკაცრ შესრულებაზე, ამიტომ გასაგებია, რომ რჯულის წიგნების (თორას) შესწავლას და მისი მთელი მოთხოვნების შესრულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. სამწუხაროდ, მაშინდელი ებრაელები, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, უკვე იმდენად იყვნენ მორალურად გახრწნილნი რომ აღარც კი ესმოდათ მცნებების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ისინი მიიჩნევდნენ რომ, მთელი მათი სიმართლე,  როგორც აბრაამის შთამომავლებისა, მდგომარეობდა მხოლოდ რჯულის წესების ზედმიწევნით შესრულებაში და დაავიწყდათ, რომ იგივე მოსე აფრთხილებდა მათ წყევლის შესახებ, რომელიც მათზე მოიწეოდა თუკი ისინი არ მოუსმენდნენ უფალი ღმერთის ხმას (2რჯ. 28:15-68).  აი ასეთი მისწრაფებების გავლენით ჩამოყალიბდა სწავლულ ებრაელთა სექტა, რომლებიც ცდილობდნენ რომ რჯულის განსაკუთრებულად მკაცრი დაცვის გამო სხვებისგან გამოყოფილნი ყოფილიყვნენ, სწორედ ამიტომაც ეწოდათ მათ ფარისევლები  ანუ განცალკევებულები, განსხვავებულები (ფერუშები,  სიტყვა ფარუშიდან   פְּרוּשִׁים- გამოყოფა, განსხვავება).
რჯულის შესწავლისას ფარისევლები ვეღარ ხედავდნენ მის შინაარსს. მათ დაავიწყდათ უმთავრესი მცნება ღვთისა და მოყვასის შესახებ და მთელი თავიანთი ყურადღება გადაიტანეს შაბათის მკაცრ დაცვაზე, განბანვაზე, მსხვერპლშეწირვაზე და ზოგადად ღვთისმოსაობის გარეგნულ ქმედებებზე.  მოახდინეს რა ფარისევლებმა ხალხზე გავლენა, გახდნენ ისინი მასწავლებლები და ხალხის წინამძღოლები. ისინი ბოროტად იყენებდნენ თავიანთ მდგომარეობას, ცხოვრობდნენ  ქვრივებისა და ობლების ხარჯზე,  თავიანთ მტაცებლობას კი ღვთისმოსაობის გარეგნული ნიღბით  ფარავდნენ. სიცრუე და თვალთმაქცობა, სულის სიცარიელისა და უზნეობის დაფარვა იყო ამ პირმოთნეების განმასხვავებელი ნიშანი.
მეორე პარტიას, რომელშიც ძირითადად მღვდლები შედიოდნენ, ეწოდებოდა სადუკეველთა ანუ სამართლიანთა პარტია.  ამ პარტიის სახელწოდების წარმოშობას ერთნი ებრაულ სიტყვას „ცედაკახ“ - სამართლიანობას, ხოლო სხვანი რაბინ სადოკის სახელს  უკავშირებენ.  სადოკი ქრ. შ. მდე - 260 წელს მოღვაწეობდა. იგი იყო გამოჩენილი ბრძენი ანტიგონეს მოწაფე. ანტიგონე ქადაგებდა რომ ადამიანი მოვალეა ემსახურებოდეს ღმერთს უანგაროდ, მისგან ჯილდოს იმედის გარეშე, ასევე გარდაცვალების შემდეგ არა სასჯელის შიშის გამო. სადოკმა კი ეს სწავლება ცალმხრივად გაიგო, დაიწყო უარყოფა გარდაცვალების შემდგომ საიქიო ცხოვრებისა, მართალთა ნეტარებისა და ცოდვილთა იმქვეყნიური სასჯელისა.  მისი მიმდევრები, სადუკევლები მიიჩნევდნენ რომ ადამიანის სული სხეულთან ერთად ნადგურდებოდა, - რომ ამის გამო არ არსებობდა აღდგომა და არც საიქიო ცხოვრება, და რომ ყველაფერი ამქვეყნად დამოკიდებული იყო ადამიანის თავისუფალ ნებაზე და არა საღვთო განგებაზე.  როგორც მღვდლების დიდი ნაწილი ასევე თავად მღვდელმთავრებიც  წმინდა წერილს მხოლოდ იმიტომ აღიარებდნენ, რომ ხალხის მიერ რელიგიური  რიტუალების შესრულებას მათთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოჰქონდა. ასე, მაგალითად, ანას საგვარეულომ ზეთისხილის მთაზე ფრინველთსაშენი და ბაზარი მოაწყო შესაწირი მტრედების გასაყიდად. ბოროტად იყენებდნენ რა თავის ძალაუფლებას, ამ გვარის მღვდელმთავრები ისეთ წესებს ადგენდნენ, რომლის დროსაც მტრედების მსხვერპლშეწირვა სავალდებულო ხდებოდა, ხოლო  წყვილ მტრედს ისინი ოქროს დინარად ჰყიდდნენ. ეს მატყუარები ჩვეული ავხორცობითა და გაუმაძღრობით სავსენი, რელიგიას უყურებდნენ  როგორც გამდიდრების საშუალებას თუმცა კი ცდილობდნენ რომ ეს კარგად დაეფარათ.
აი ასეთი  იყო იმ დროს ისრაელის რელიგიური მდგომარეობა  როდესაც უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება მესიის მოსვლის შესახებ.

მეოთხედმთავარი ლისანიუსი
ლუკა მახარებელი  ჩამოთვლის რა მეოთხედმთავრებს, ლისანიუსს მოიხსენიებს აბილინეს მმართველად  [ლუკა 3:1].  აბილინე  ესაზღვრებოდა გალილეას და მისი მთავარი ქალაქი იყო აბილა.  სახარების ჭეშმარიტებისადმი  სკეპტიკურად განწყობილნი ამბობენ, რომ ლისანიუსი კი იყო ამ მხარის მმართველი, მაგრამ იგი ქრ. შ. მდე 36 წელს იქნა მოკლული, ხოლო სხვა ლისანიუსს კი იოსებ ფლავიუსი და სხვები საერთოდ არ ახსენებენ, ამიტომ ისინი მიიჩნევენ რომ  მახარებელს უხეში ისტორიული შეცდომა აქვს დაშვებული.  მაგრამ  ამ ბრალდების საწინააღმდეგოდ შემდეგი არგუმენტი მეტყველებს, კერძოდ, ლისანიუსს რომელიც ქრისტეს შობამდე იქნა მოკლული, იოსებ ფლავიუსი მეფედ მოიხსენიებს და არა მეოთხედმთავრად.  იგი ანტონიუსმა ქრ.შ.მდე 34 წელს მოაკვლევინა, ხოლო მისი სამეფო  ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას უბოძა. მეოთხედმთავარი კი სხვა ლისანიუსი იყო, რაც დაადასტურა კიდეც 1737 წელს ქალაქ აბილის ნანგრევების გათხრებმა.  ამ გათხრების შედეგად აღმოჩენილი იყო მცირე ზომის ტაძრის ნაწილი წარწერით, სადაც აღნიშნული იყო ვინმე ნიმფეას სახელი, რომელიც მეოთხედმთავარ ლისანიუსს გაუთავისუფლებია.   წარწერა კი შემდეგი სიტყვებით იწყება:  ხელმწიფე ავგუსტების[1] დღეგრძელობისათვის“.  რადგან ტიბერიუსის გამეფებამდე საიმპერატორო ოჯახში არასდროს  ყოფილა შემთხვევა რომ ორ პირს ერთდროულად ეტარებინა ავგუსტის ტიტული, ამიტომ ავგუსტებად  უნდა ჩავთვალოთ იმპერატორი ტიბერიუსი[2] და ასევე ოქტავიანე ავგუსტუს იმპერატორის ქვრივი ლიბია, რომელმაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ მიიღო ავგუსტის ტიტული.  ეს ყველაფერი კი ადასტურებს იმას, რომ ტიბერიუსის გამეფებისას აბილინეს განაგებდა მეოთხედმთავარი ლისანიუსი, აქედან გამომდინარე ლუკა მახარებელმა მოიხსენია რა იგი მეოთხედმთავრად, მას არანაირი ისტორიული შეცდომა არ დაუშვია.
იმ დროს მღვდელმთავარი იყო კაიაფა, სიძე ანასი, ყოფილი მღვდელმთავრისა, რომელიც იუდეის მმართველის მიერ იქნა გადაყენებული მღვდელმთავრობიდან. მაგრამ ანას დიდი გავლენა ჰქონდა სინედრიონზე და მიუხედავად მისი გადაყენებისა მაინც მღვდელმთავრად თვლიდნენ და მოიხსენიებდნენ მას.



[1]  ავგუსტი (ლათ. augustus) - რომის იმპერატორთა ტიტული
[2] ტიბერიუსი - ოქტავიანე ავგუსტუსის ცოლის, ლიიას შვილი პირველი ქორწინებიდან; ავგუსტუსის შვილობილი.
Борис Ильич Гладков. "Толкование Евангелия"
თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ 

No comments:

Post a Comment